chevron-bottomchevron-leftchevron-rightdownloadfacebookinstagramlink-outlinkedinminusplus

რა არის ვენების ვარიკოზი (ქრონიკული ვენური დაავადება)?

ვენების ვარიკოზი ქრონიკული ვენური დაავადების ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც დაავადების გარკვეულ ეტაპზე ვითარდება. ვენური დაავადება, თავის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქრონიკული, პროგრესირებადი პათოლოგიაა. მარტივად რომ ავხსნათ, ვენების ვარიკოზი ქვედა კიდურებიდან გულისკენ სისხლის ნორმალური ადინების დარღვევაა. ამ დროს ვენის კედლის ტონუსი და სარქვლების მუშაობა მოშლილია. 

სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით, ქრონიკული ვენური დაავადება 10 -დან დაახლოებით 7-8 ზრდასრულ პირს უვითარდება. დაავადების ადრეულ ეტაპზე (ვარიკოზის განვითარებამდე) მხოლოდ გარკვეული სიმპტომები და დისკომფორტია გამოხატული. თუმცა დროთა განმავლობაში სიმპტომები მძიმდება, თავს იჩენს გარეგნულად გამოხატული ცვლილებები ფეხებზე. ეს ყველაფერი კი ნეგატიურად აისახება პაციენტის ცხოვრების ხარისხსა და შრომისუნარიანობაზე. ამავდროულად, ვენების ვარიკოზს კიდევ უფრო სერიოზული გართულებაც შეიძლება მოყვეს, როგორიც მაგალითად, ვენური წყლულის განვითარება ან თრომბო-ემბოლიაა.