chevron-bottomchevron-leftchevron-rightdownloadfacebookinstagramlink-outlinkedinminusplus

რა არის ჰემოროიდული დაავადება (ბუასილი)?

ჰემოროიდული დაავადება, იგივე ბუასილი, უკანა ტანის არეში არსებული ვენური სტრუქტურების (ჰემოროიდული კვანძების) პათოლოგიური გაფართოებით არის განპირობებული. ბუასილი ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 10-30%-ს აღენიშნება. 50 წელს გადაცილებულ პოპულაციაში კი მისი გავრცელება 50%-ს აღწევს. დაავადება საყურადღებოა და დროულ მკურნალობას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია, როგორიცა სისხლნაკლებობა ან ჰემოროიდული კვანძის შეუქცევადი ჩაჭედვაა.

ბუასილისთვის დამახასიათებელია ჰემოროიდულ კვანძებში მიმდინარე ანთებითი და შეგუბებითი ცვლილებები, კვანძის მექანიკური დაზიანება, თრომბოზი და გამოვარდნა. ეს სიმპტომები მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს და მკვეთრად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს.