chevron-bottomchevron-leftchevron-rightdownloadfacebookinstagramlink-outlinkedinminusplus
ხელმისაწვდომობა უკან დაბრუნება

ქრონიკული ვენური დაავადება (ვენების ვარიკოზი)

ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ვენური სისხლის უკუადინების მოშლით ხასიათდება ვენის კედლის დაქვეითებული ტონუსის და ვენური სარქვლების არასათანადო მუშაობის გამო. ვენური სისხლის უკუადინების მოშლას ქვედა კიდურებში სისხლის შეგუბება, ვენური წნევის მატება, მთელი რიგი სიმპტომების, გარეგნული ცვლილებებისა და გართულებების განვითარება მოყვება.

 

საწყის ეტაპზე ქრონიკული ვენური დაავადება მხოლოდ ცალკეული სიმპტომებით გამოვლინდება, როგორიც არის სიმძიმე, დისკომფორტი, ტკივილის, შეშუპების, სიმხურვალის შეგრძნება ქვედა კიდურებში. მოგვიანებით კი გარეგნული ნიშნებიც ჩნდება: ობობისებური ვენური ქსელი, გაგანიერებული, ვარიკოზული ვენები, კანის შეცვლილი ფერი და სტრუქტურა: ეგზემა, ატროფია და წყლული. ქრონიკული ვენური დაავადების სიმპტომები და ნიშნები, როგორც წესი, სერიოზულ დისკომფორტს იწვევს, დაქვეითებულ ცხოვრების ხარისხთან და შრომისუნარიანობასთან ასოცირდება. გარდა ამისა, ქრონიკული ვენური დაავადება სიცოცხლისათვის საშიში გართულების – თრომბოემბოლიზმის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

შესაბამისად, ქრონიკული ვენური დაავადება აუცილებლად საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკასა და დროულ მკურნალობას!

დამახასიათებელი სიმპტომებია:

» სიმძიმის შეგრძნება

» ტკივილი

» შეშუპების შეგრძნება

» კუნთების მტკივნეული შეკუმშვა (კრუნჩხვები) ღამით

» სიმხურვალისა და წვის შეგრძნება

» ქავილი

სიმოტომები, როგორც წესი, წვივების არეში ლოკალიზდება და მძაფრდება დღის ბოლოს, ხანგრძლივი დგომის ან ჯდომის შემდეგ, ცხელი გარემოს პირობებში. მოსვენების, ფეხების მაღალზე წამოწევის, ცივი შხაპის შემდეგ კი სიმპტომების ინტენსივობა, პირიქით, მცირდება.

ქრონიკული ვენური დაავადება პროგრესირებს და სიმპტომებს მოგვიანებით გარეგნული ცვლილებებიც ემატება. დამახასიათებელი ნიშნებია:

» ობობისებური ვენური ქსელი ბარძაყისა და წვივის არეში

» შეშუპება კოჭ-წვივის არეში

» გაგანიერებული, ვარიკოზული ვენები

» კანის შეცვლილი ფერი – მუქი ფერის წითელი, მოყავისფრო ლაქები

» წყლულოვანი დაზიანება

ქრონიკული ვენური დაავადების გავრცელება ზრდასრულ პოპულაციაში მაღალია და სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით, 10 ზრდასრული პირიდან დაახლოებით 7-8-ს უვითარდება.

ქრონიკული ვენური დაავადების განვითარებას და დამძიმებას შემდეგი რისკ-ფაქტორები განაპირობებს:

» მდედრობითი სქესი

» ასაკის მატება

» ვარიკოზის არსებობა მემკვიდრეობაში (მშობლებთან)

» ორსულობა / მშობიარობა

» ჰორმონული პრეპარატების მიღება

» ჭარბი წონა

» უმოძრაო ცხოვრების სტილი (დღის განმავლობაში ხანგრძლივად ჯდომა ან დგომა)

» ხანგრძლივი მგზავრობა

» ცხელი გარემოს ხანგრძლივი და ხშირი ზემოქმედება

რაც უფრო მეტია რისკ-ფაქტორები, მით უფრო მაღალია ქრონიკული ვენური დაავდების განვითარების და მისი პროგრესირების ალბათობა.

ქრონიკული ვენური დაავადება (ვენების ვარიკოზი)


ქრონიკული ვენური დაავადების დროს მკურნალობასთან ერთად მნიშვნელოვანია იმ რისკ-ფაქტორების თავიდან აცილება, რაც დაავადების განვითარებას უწყობს ხელს. ეს კი ხშირ შემთხვევაში გარკვეული ჩვევების შეცვლას და ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

რეკომენდებულია:

» რეგულარული ფიზიკური აქტივობა: სეირნობა, ველოსიპედით სიარული, ცურვა, დღის განმავლობაში ტერფის მარტივი ვარჯიშების შესრულება – ადგილზე მარშირება, ტერფის მოხრა-გაშლა, წრიული მოძრაობები

» მოსვენების დროს ფეხების აწეულ მდგომარეობაში მოთავსება

» შხაპის, აბაზანის შემდეგ ქვედა კიდურებზე გრილი წყლის ჭავლის გამოყენება

» ჭარბი წონის მოცილება

» თავისუფალი ტანსაცმლის ტარება

» საშუალო ზომის ქუსლის მქონე ფეხსაცმლის ტარება (4-5 სმ ზომის ქუსლით)

არ არის რეკომენდებული:

» ხანგრძლივი ჯდომა, დგომა

» წონაში მატება

» მზეზე გადახურება, საუნა, ცხელი აბაზანა

» თამბაქოს, ალკოჰოლის მოხმარება

» ზედმეტად ვიწრო, მოჭერილი ტანსაცმელი

» ბრტყელ-ძირიანი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

მკურნალობის მეთოდები:

ქრონიკული ვენური დაავადების მკურნალობის მეთოდებია:

» კომპრესიული თერაპია

» მედიკამენტური მკურნალობა (ძირითადად ვენოაქტიური მედიკამენტები)

» ადგილობრივი საშუალებები

» მცირე-ინვაზიური პროცედურები (აბლაცია)

» ღია ქირურგიული პროცედურები

მკურნალობა ხშირ შემთხვევაში კომპლექსურია, სხვადასხვა მეთოდის კომბინაციას მოიცავს და ინიშნება ექიმის მიერ.